2018 წლის 27 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე,“ სააქციო საზოგადოება ,,თელასთან“ ერთად წარმოადგენს პროექტის პრეზენტაციას - სახელობო პროფესიული სწავლების ფარგლებში. 2006 წლიდან 2010 წლამდე, ფონდი ,,ლაზარე“, სახელობო პროფესიული სწავლების პროექტს შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური თანადგომით ახორციელებდა,
ხოლო 2010 წლიდან კომპანია ,,თელასმა“ განაგრძო სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღჭურვის ფინანსური მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში, წლების მანძილზე (დონორები: შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ი, სს ,,თელასი“) ასობით ბენეფიციარმა უსასყიდლოდ შეისწავლა სხვადასხვა სახელობო პროფესიები, წარჩინებულთათვის კი მოეწყო კერძო სახელოსნოები, რითაც ახალგაზრდებს მიეცათ თვითდასაქმების და საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალება.2017 წლიდან ყველა სასწავლო სახელოსნო (ოქრომჭედლობის, მინანქრის, ჭრა-კერვის, ხის მხატვრული დამუშავების, თექისა და დეკორატიული ხელოვნების სახელოსნოები) განთავსდა ერთ სივრცეში და ფუნქციონირებას განაგრძობს ფონდ „ლაზარეს“ მიერ დაფუძნებულ პროფესიულ სასწავლებელში „სახელობო სკოლა“, რომელიც სოფელ დიღომში, 120 კვ.მეტრის ფართობზეა განლაგებული; სახელოსნოების რემონტი, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, სააქციო საზოგადოება ,,თელასი“-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ასაკის შეუზღუდავად შეუძლია მიიღოს არაფორმალური სახელობო-პროფესიული განათლება. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ : საქართველოს საპატრიარქოს, სს ,,თელასის,“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის წარმომადგენლები.