საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით აგრძელებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლების მხარდაჭერას და მიმდინარე წელსაც ახორციელებს პროექტს - „პროფესიული განათლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, რომლის საფუძველზეც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში ფუნქციონირებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი - „ფერმერთა სკოლა“.
პროექტი მიზნად ისახავს აგროსექტორში თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გავრცელებას, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. ინიციატივა პასუხობს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს და ორიენტირებულია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებაზე.
„ფერმერთა სკოლა“ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა პროფესიული განათლების მნიშვნელოვან ცენტრად, სადაც სწავლება რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული მეთოდებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მსმენელები ეუფლებიან როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე აგრარულ პრაქტიკებს, რაც მათ შემდგომ დასაქმებასა და თვითდასაქმებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
სასწავლო პროგრამები მოიცავს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას:
• ფუტკრის პროდუქტების მიღებას;
• ხეხილის სხვლა-ფორმირებას;
• ტყის დაცვასა და სატყეო საქმიანობას;
• ხეხილოვანი კულტურების დაცვას;
• დეკორატიული ბაღის მოვლას.
პროგრამები აერთიანებს თეორიულ სწავლებასა და ინტენსიურ პრაქტიკულ კომპონენტს, განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და გარემოზე პასუხისმგებლიან მიდგომებს.
პრაქტიკული სწავლების ხარისხის უზრუნველსაყოფად, „ფერმერთა სკოლას“ ფონდ „ლაზარეს“ მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში შექმნილი აქვს საკუთარი სასწავლო და პრაქტიკის ბაზები, რომელიც მოიცავს 2 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ხეხილის ბაღს, საფუტკრე მეურნეობას, სასწავლო სათბურსა და დეკორატიული მცენარეებით გაშენებულ ბაღს, სადაც მსმენელები რეალურ გარემოში იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, „ტყის მცველის“ პროგრამის მსმენელები საწარმოო პრაქტიკას გადიან მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალში, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს პროფესიული უნარები ბუნებრივ გარემოში განივითარონ.
პროექტის ფარგლებში ფონდი „ლაზარე“ უზრუნველყოფს „ფერმერთა სკოლის“ ინსტიტუციურ მხარდაჭერას, სასწავლო პროცესის ხარისხის მონიტორინგსა და პარტნიორული თანამშრომლობების განვითარებას სახელმწიფო, კერძო და დარგობრივ ორგანიზაციებთან. აღნიშნული თანამშრომლობები ხელს უწყობს პროფესიული პროგრამების განვითარებასა და მათ შესაბამისობას შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული განვითარების მხარდაჭერას, ახალგაზრდების აგროსექტორში ჩართულობის გაზრდასა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოებას, მათ შორის სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის.
პროექტი ასევე მოიცავს დამატებით საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებს - უფასო მასტერკლასებს, შრომის უსაფრთხოების სემინარებს, სასწავლო რესურსების განვითარებასა და პროგრამის განმახორციელებლებისთვის პროფესიული გადამზადების ტრენინგებს.
ფონდი „ლაზარე“ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროფესიული განათლების მნიშვნელობას ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარებაში და აგრძელებს ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონებში ცოდნის გავრცელებას, დასაქმების ზრდასა და სოფლის მეურნეობის სფეროში მდგრად პროგრესს.
