Skip to main content
ახალგაზრდული გაცვლა ქართველი და ოსი მოზარდებისთვის

საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროექტის - “ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” - ფარგლებში, მიმდინარე წლის 13–22 ივლისს, ახალგაზრდული გაცვლა (საზაფხულო ბანაკი) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ქართველი და ოსი ახალგაზრდები იღებდნენ. 

ათი დღის განმავლობაში მოზარდები აქტიურად, შემოქმედებითად და საინტერესოდ ატარებდნენ დროს - ჩართულები იყვნენ არაფორმალური განათლების სესიებში, სპორტულ, კულტურულ და ინტელექტუალურ თამაშებში. ახალგაზრდებმა მოახერხეს როგორც გართობა და დასვენება, ასევე, გაიუმჯობესეს ცოდნა და უნარები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის მოგვარება, ფასილიტაცია, აქტიური მოსმენა და ეფექტური კომუნიკაცია. 

ახალგაზრდული გაცვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ქართველი და ოსი ახალგაზრდების დამეგობრებაა, ამჯერადაც, გასული წლების მსგავსად, მოზარდებმა მოახერხეს ერთმანეთის ახლოს გაცნობა, თავიანთი კულტურის, ადათებისა თუ ტრადიციების გაზიარება, საერთო ინტერესების გამონახვა და თბილი, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. 

ახალგაზრდული გაცვლა ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფონდ “ლაზარეს” სამშვიდობო პროექტების განსახორციელებლად დაუთმო. 

პროექტი “ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა” ხორციელდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით.