Skip to main content
სამშვიდობო მიმართულების პროექტები

საქველმოქმედო ფონდილაზარე“ 2007-2025 წლებში, საქართველოს საპატრიარქოსა და შვეიცარული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებდა პროექტს სახელწოდებით -ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“. პროექტის მთავარი მიზანი იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებისა და აზრთა ლიდერების სამშვიდობო ხედვის ჩამოყალიბებისა და ამ ხედვის ფართო საზოგადოებაში გავრცელების გზით.

პროექტს რეგიონული ხასიათი ჰქონდა და მას ერთობლივად ახორციელებდa ოთხი პარტნიორი ორგანიზაცია:

  • საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ლაზარე;
  • სომხური არასამთავრობო ორგანიზაცია სიუნიკი;
  • საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი;
  • მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ქართველი, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები. პროგრამა მრავალფეროვანი, შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ ერთმანეთს, გაეცნოთ ერთმანეთის კულტურა და ტრადიციები, დაემყარებინათ უშუალო კონტაქტი, გადაელახათ შექმნილი სტერეოტიპები და ჩამოეყალიბებინათ მეგობრული ურთიერთობები.

პროექტის საწყის ეტაპზე იმართებოდა მხოლოდ საზაფხულო ბანაკები, რომელშიც ქართველი და სომეხი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ეტაპზე მას ორი ორგანიზაცია - ფონდი ლაზარე და სიუნიკი - ახორციელებდა. იმ პერიოდში მონაწილეებს ერთმანეთის მიმართ  მრავალი სტერეოტიპი და მცდარი წარმოდგენა გააჩნდათ.  არ ჰქონდათ ურთიერთობის გამოცდილება, რაც კომუნიკაციის დამყარებას მნიშვნელოვნად ართულებდა. პროექტის გუნდის მიერ გაწეულმა თანმიმდევრულმა და მიზანმიმართულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. შემუშავდა სპეციალური არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა, პროცესში ჩაერთნენ გამოცდილი ტრენერები და კონფლიქტის ტრანსფორმაციის სპეციალისტები. შედეგად ახალგაზრდებმა შეძლეს ერთმანეთის უკეთ გაცნობა, ნდობის ჩამოყალიბება და მეგობრობის დამყარება, რამაც საფუძველი ჩაუყარა უფრო ფართო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

2013 წლიდან, პროექტში ორი პარტნიორი ორგანიზაცია ჩაერთო, რომელთა დახმარებით, ქართველ და სომეხ ახალგაზრდებთან ერთად, პროგრამას ეთნიკურად აზარბაიჯანელი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები შემოუერთდნენ.  ამ შემთხვევაშიც, რეგიონში არსებული კონფლიქტებისა და წლების მანძილზე არსებული დაპირისპირების გათვალისწინებით, სხვადასხვა მხარის ახალგაზრდების დაკავშირება და მათ შორის ნდობის ჩამოყალიბება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

თუმცა, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და პროფესიული მიდგომების საფუძველზე, პარტნიორმა ორგანიზაციებმა შეძლეს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მონაწილეები თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად გრძნობდნენ. მათთვის პროექტში მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და გარდამტეხ გამოცდილებად იქცა. ახალგაზრდებმა განიცადეს პიროვნული ტრანსფორმაცია შეიცვალა მათი დამოკიდებულებები, გაღრმავდა კრიტიკული აზროვნება, გაძლიერდა ტოლერანტობა და თანამშრომლობის უნარი. ამ პროცესს ჰქონდა განგრძობადი ეფექტი როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე მათ თემებსა და საზოგადოებაში მშვიდობიანი თანამშრომლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

პროექტი წლიდან წლამდე ვითარდებოდა და ახალგაზრდებს სთავაზობდა მრავალფეროვან შესაძლებლობებს მშვიდობის მშენებლობის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის. საჯარო და კერძო  სკოლებში ტარდებოდა სესიები  კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე, ხორციელდებოდა მცირე გრანტების პროგრამა, სამშვიდობო განათლების მიმართულებით იმართებოდა ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები პედაგოგებისთვის და რელიგიური ლიდერებისთვის, ტარდებოდა სემინარ-დისკუსიები, მრგვალი მაგიდები და კონფერენციები გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ასევე, საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში მიმდინარეობდა კურსები კონფლიქტის მართვასა და სამშვიდობო ჟურნალისტიკაში, რაც ახალგაზრდებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევდა.

პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა საზაფხულო ბანაკის ლიდერთა ტრენინგი და საზაფხულო ბანაკი. სპეციალურად შერჩეულ ახალგაზრდებს უტარდებოდათ ინტენსიური სასწავლო კურსი ლიდერობის, ფასილიტაციის, მედიაციისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით. ტრენინგები ეფუძნებოდა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, რაც გულისხმობდა გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას, ჯგუფურ მუშაობას და თანატოლთა შორის ცოდნის გაზიარებას.

ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდა ბანაკის ლიდერისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამოვლენა და განვითარება, გუნდური მუშაობის კულტურის ჩამოყალიბება და მრავალეთნიკურ გარემოში ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა, რათა შემდგომ თავად შეძლებოდათ ბანაკის მონაწილეებისათვის მხარდაჭერა და ფასილიტატორის როლის შესრულება.

პროექტის ცენტრალური აქტივობა - ახალგაზრდული გაცვლა (საზაფხულო ბანაკი) სულ მოიცავდა 32  ქართველ, აფხაზ, სომეხ და აზრებაიჯანელ მოზარდს.

ბანაკის ხანგრძლივობა შეადგენდა 8 სრულ დღეს და მისი მიზანი იყო:

·       მონაწილეებს შორის სტერეოტიპების დაძლევა;

·       კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ ცოდნის გაზრდა;

·       კომუნიკაციის, თანამშრომლობის და თანაცხოვრების უნარების განვითარება.

პროგრამა მოიცავდა:

1.     კულტურათაშორის სესიებს: მონაწილეები წარადგენდნენ საკუთარ კულტურას, ტრადიციებს, დღესასწაულებს, სიმღერებს, ცეკვებსა და სამზარეულოს, რაც ხელს უწყობდა ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და ინტერესის განვითარებას;

2.     კონფლიქტის ტრანსფორმაციის სესიებს: ყოველდღიური ტრენინგები ლიდერების ფასილიტაციით კონფლიქტის ტიპებზე, მოგვარების გზებსა და სტერეოტიპებზე;

3.     არაფორმალური განათლების თამაშებს: გაცნობითი, გუნდური, კომუნიკაციის უნარების განმავითარებელი აქტივობები რაც ემსახურებოდა ჯგუფური დინამიკის გაძლიერებასა და ახალგაზრდების დაახლოებას.

4.     საღამოს ღონისძიებები თემატურ დღეებზე: ბანაკში ყოველი დღე იყო თემატური: იუმორის, მეგობრობის, კულტურის, სიყვარულის, სპორტის, ფილმის და ა.შ. მონაწილეები საკუთარი სურვილისამებრ ერთიანდებოდნენ სამ სხვადასხვა ჯგუფში: დრამა, შესრულება და ხელგარჯილობა. დრამა ამზადებდა სცენარს და შემსრულებლები წარადგენდნენ, ხოლო ხელგარჯილობის ჯგუფი ქმნიდა დეკორაციებს. საღამოს კი ყველანი  ერთობლივად მომზადებულ ღონისძიებას მართავდნენ;

5.     ქართული, აფხაზური, სომხური და აზრბაიჯანული ენის გაკვეთილები: ენის საბაზისო გაკვეთილები პოპულარული ლიტერატურის, მუსიკისა და პოეზიის საშუალებით;

6.     სპორტული და ინტელექტუალური აქტივობები: ღია ცის ქვეშ ტარდებოდა გუნდური თამაშები და შეჯიბრებები. მოიცავდა სპორტის სხვადასხვა სახეობის, იუმორის, ლოგიკის და კრეატიულობის გამაძლიერებელ აქტივობებს;

7.     ღონისძიებები გახსნისა და დახურვის დღეს: მონაწილეები შერეულ ჯგუფებში წარადგენდენ ერთობლივ ნომრებს – თეატრალიზებულ წარმოდგენებს,  სიმღერებსა და ცეკვებს.

18 წლის მანძილზე უწყვეტად განხორციელებული პროექტი ემსახურებოდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას. იგი მიზნად ისახავდა არა მხოლოდ კონკრეტული აქტივობების განხორციელებას, არამედ ახალგაზრდებში ისეთი ღირებულებებისა და უნარების განვითარებას, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს რეგიონის მშვიდობიან მომავალს.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობები და მეგობრობა ქმნის მყარ საფუძველს კავკასიაში სამომავლო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. სხვადასხვა ეთნიკური და ეროვნული კუთვნილების ახალგაზრდებს შორის ბავშვობასა და მოზარდობის ასაკში დამყარებული კონტაქტები, გაზიარებული ემოციები და ერთობლივი გამოცდილება დაუვიწყარია, ეს ყოველივე კი ერთმანეთისადმი პატივისცემისა და ნდობის მყარ საფუძვლს ქმნის.

ამრიგად, განხორციელებული პროექტი არა მხოლოდ დროებითი ინიციატივა, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციასამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი და სტაბილური მომავალისათვის.