Skip to main content
პროფესიული განათლება რესოციალიზაციისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში მინის მხატვრული დამუშავებისა და ტიხრული მინანქრის მცირე საწარმოები მოეწყო. მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ ხელობას, შექმნან მხატვრული ნაწარმი და შეიძინონ ცოდნა, რომელიც მათ სასჯელის მოხდის შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელებასა და დასაქმებაში დაეხმარება.

აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის უზრუნველყოფას  ისახავს მიზნად,  ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი.

ეს მნიშვნელოვანი საქმე დღესაც წარმატებით ვითარდება და გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,  შიო III-ის მზრუნველობითა და ლოცვა-კურთხევით.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ რამაზ თათარაშვილთან ერთად №16 და №5 პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მცირე საწარმოები დაათვალიერა, სადაც მსჯავრდებულები  პროფესიული  მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების   დასრულების შემდეგ მუდმივმოქმედ სახელოსნოებში გააგრძელებენ მუშაობას.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი, თამთა დემურიშვილი და საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ დირექტორი, რეზო შარაბიძე.

დღეისათვის, აღნიშნული მიმართულებით სწავლება სულ 40-მა მსჯავრდებულმა გაიარა. მათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ, თვითდასაქმების მსურველ მსჯავრდებულებს კი საკუთარი ნამუშევრების რეალიზება  მაღაზია  „რე-მარკეტში“ შეეძლებათ.

პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“ საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.