Skip to main content
ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი

24–29 ივნისს პროექტის -„ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა,-ფარგლებში ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის (საზაფხულო ბანაკის) ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი.

ექვსი დღის განმავლობაში რვა ქართველმა და ოსმა ახალგაზრდამ ინტენსიურად იმუშავა ლიდერობის, ფასილიტაციის, გუნდურობის, ჯგუფური დინამიკის, ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტის მედიაციისა და ტრანსფორმაციის, ასევე არაფორმალური განათლების მეთოდებზე. თეორიული ცოდნა შერწყმული იყო პრაქტიკულ სავარჯიშოებთან, სიმულაციებთან, ჯგუფურ მუშაობასა და რეალური სიტუაციების ანალიზთან, რაც მონაწილეებს დაეხმარა ლიდერის როლის უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.

ლიდერების გადამზადება პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სწორედ ისინი იქნებიან საზაფხულო ბანაკის ფასილიტატორები და ახალგაზრდების მთავარი მხარდამჭერები, რომლებიც იზრუნებენ უსაფრთხო, ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნაზე. ამიტომ, ტრეინინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც ლიდერებს დაეხმარება თითოეული მონაწილის ჩართულობის, კეთილდღეობისა და პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფაში.

ტრენინგის დასკვნით ეტაპზე, მონაწილეებმა ერთობლივად დაგეგმეს საზაფხულო ბანაკის პროგრამა, განიხილეს აქტივობების შინაარსი, შესაძლო გამოწვევები და მათი მართვის გზები. ამ პროცესმა ლიდერებს შესაძლებლობა მისცა, კიდევ ერთხელ გააზრებულად შეეფასებინათ საკუთარი პასუხისმგებლობა და ერთიანი გუნდის სახით მომზადებულიყვნენ  მომავალი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამისთვის, რომელიც ივლისში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართება  30  ქართველი და ოსი ახალგაზრდის მონაწილეობით.

საქველმოქმედო ფონდი ლაზარეპროექტს ახორციელებს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.