საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, როგორც პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის - „ფერმერთა სკოლის“ დამფუძნებელი, ცენტრის საშუალებით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით, - „პროფესიული განთლების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია, აგროსექტორში თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების განვითარება და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში, „ლაზარე“ უზრუნველყოფს ცენტრის ყოველწლიურ მხარდაჭერას და აქტიურად არის ჩართული მისი ყოველდღიური ფუნქციონირების პროცესში. ინიციატივა სრულ თანხვედრაშია ფონდის სტრატეგიულ მიზნებთან და ითვალისწინებს, როგორც ინსტიტუციურ განვითარებას, ისე სასწავლო პროცესის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.
პროექტის არსი და მნიშვნელობა
სოფლის მეურნეობა საქართველოში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მიუხედავად ამისა, სექტორი კვლავაც დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე:
- თანამედროვე ცოდნისა და პროფესიული კვალიფიკაციის დეფიციტი რეგიონებში;
- პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების ნაკლებობა;
- ახალგაზრდების დაბალი ჩართულობა აგროსექტორში;
- მცირე და საშუალო ფერმერთა შეზღუდული წვდომა ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე;
- პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების ინსტიტუციური გაძლიერების საჭიროება.
პროექტი სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს და „ფერმერთა სკოლას“ აყალიბებს თანამედროვე პროფესიული განათლების ეფექტურ პლატფორმად, რომელიც აერთიანებს ცოდნის გავრცელებას, პრაქტიკული უნარების გადაცემასა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერას.
ისტორიული განვითარება
2014 წელს ფონდმა „ლაზარემ“ შვეიცარიული ფონდის HEKS-EPER-ის მხარდაჭერით კახეთის რეგიონში დაიწყო პროექტი – „ფერმერთა სკოლა ნინოწმინდაში“. ინიციატივა მიზნად ისახავდა ფერმერთა პროფესიულ გადამზადებას მეფუტკრეობისა და მებოსტნეობის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სასწავლო სივრცე, შეიქმნა თეორიული და პრაქტიკული კლასები, მოეწყო სათბურები, სადემონსტრაციო ნაკვეთები, შეძენილ იქნა საჭირო ტექნიკა და ინვენტარი.
პროექტის წარმატების საფუძველზე 2016 წელს დაფუძნდა პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა“, რომელმაც მოიპოვა ავტორიზაცია და განახორციელა გრძელვადიანი პროგრამები. 2020 წლიდან დაწესებულებამ საქმიანობა დაიწყო მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების მიმართულებით, ესენია:
- ფუტკრის პროდუქტების მიღება – თაფლის, ცვილის, ჭეოს, ფუტკრის რძის, შხამისა და სხვა პროდუქტების წარმოება და უსაფრთხო შენახვა;
- ხეხილის სხვლა-ფორმირება – ხეხილოვანი კულტურების პროფესიული გასხვლა და ფორმირება;
- ტყის მცველი – სატყეო სამეურნეო საქმიანობა, ტყის დაცვა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები;
- ხეხილოვანი კულტურების დაცვა – მცენარეთა მავნე ორგანიზმების ამოცნობა და კონტროლი;
- დეკორატიული ბაღის მოვლა – დეკორატიული მცენარეების მოვლა, სხვლა-ფორმირება და სეზონური სამუშაოების დაგეგმვა.
ყველა პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს.
ინსტიტუციური პარტნიორობები
პროექტის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პარტნიორულ თანამშრომლობებს:
- საქართველოს საპატრიარქოთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლაგზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობა – პროგრამების დაფინანსება და ეროვნული პროფესიული სტანდარტების დაცვა;
- მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან თანამშრომლობა – პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პენიტენციურ სისტემაში და რესოციალიზაციის ხელშეწყობა;
- დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობა – „ტყის მცველის“ პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება ბუნებრივ გარემოში;
- კერძო სექტორთან პარტნიორობა – პრაქტიკული სწავლების რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალური დაახლოება.
დამატებითი აქტივობები
პროექტის ფარგლებში ცენტრში რეგულარულად ტარდება:
- შრომის უსაფრთხოების პრაქტიკული სემინარები;
- უფასო მასტერკლასები და პრაქტიკული სესიები;
- სასწავლო რესურსების განვითარება და სახელმძღვანელოების გამოცემა;
- ტრენინგები პროგრამის განმახორციელებლებისთვის ციფრული და თანამედროვე სწავლების მეთოდების მიმართულებით.
მონიტორინგი და ხარისხის უზრუნველყოფა
ცენტრში დანერგილია მრავალკომპონენტიანი შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, რომელიც მოიცავს:
- სასწავლო პროცესის ხარისხის შეფასებას;
- პროგრამების შესრულების კონტროლს;
- ინსტიტუციური განვითარების მონიტორინგს;
- კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებლების ანალიზს.
მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ხდება პროგრამების გაუმჯობესება და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რაც უზრუნველყოფს პროექტის უწყვეტ განვითარებას.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად მოსალოდნელია:
- სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, ასევე ფერმერების, პროფესიული კომპეტენციების, გაუმჯობესება და შემოსავლების ზრდა;
- ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და თვითდასაქმების ხელშეწყობა;
- ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა აგროსექტორში;
- რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება.
- შრომის უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრება;
პროექტი „პროფესიული განათლების მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ - წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც აერთიანებს პროფესიულ განათლებას, ინსტიტუციურ განვითარებასა და რეგიონულ პროგრესს. მისი გრძელვადიანი მიზანია „ფერმერთა სკოლის“ ჩამოყალიბება მდგრად, ხარისხზე ორიენტირებულ და ინოვაციურ საგანმანათლებლო პლატფორმად, რომელიც აქტიურად პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ხელს უწყობს საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.
