კონკურსი სამშვიდობო ბანაკებისთვის ლიდერების შესარჩევად

პროექტი-,,სამშვიდობო ბანაკები სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მოზარდებისთვის“- ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,, ლაზარეს“ მიერ აფხაზ, აზერბაიჯანელ და სომეხ პარტნიორებთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს ქართველი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოზარდების დამეგობრებას, ერთმანეთის კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობას, კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების შესწავლას.

პროექტის ფარგლებში ხდება საზაფხულო ბანაკების ორგანიზება ახალგაზრდებისთვის- საქართველოსა და სომხეთში, ტრენინგები ლიდერობასა და კონფლიქტების მედიაციაში. 2014 წლის იანვრიდან, პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებში ხორციელდება დამატებითი აქტივობები:

  • პროექტის პრეზენტაცია
  • სესიები კონფლიქტების მართვაში
  • ფილმის ჩვენება კონფლიქტების თემაზე და დისკუსიების გამართვა მოდერატორის მიერ
  • ფოტო და ნახატების გამოფენა სამშვიდობო თემატიკაზე

ამჟამად, მიმდინარეობს ლიდერების შერჩევა 2014 წლისთვის, რომელიც 21 აპრილს დასრულდება, 22 აპრილს კი გაიმართება მსურველებთან გასაუბრება. ლიდერებად შეირჩევიან 20-დან 28 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ რუსულ ენას და აქვთ ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია წარმოადგინონ CV, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ შემდეგი ტრენინგები:

  • ლიდერობასა და ფაცილიტაციაში 01.05.2014წ. -07.05.2014წ.
  • კონფლიქტების მედიაციაში 18.06. 2014წ-22.06.2014წ.

აღნიშნული ტრენინგები გაიმართება დაბა ბაკურიანში, სასტუმრო ,,ვილა პალასში“ , რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. ლიდერები განაწილდებიან საზაფხულო ბანაკების ორგანიზებაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ნაკადებში. თითოეული ნაკადის ხანგრძლივობაა 12 დღე, პერიოდი-15 ივლისიდან 15 აგვისტომდე. მათ მიეცემათ ანაზღაურება (175 ლარი), ხოლო მგზავრობისა და კვების ხარჯებს დაფარავს პროექტი.

მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 591 00 14 15; 597 22 99 40

All for Joomla All for Webmasters